პრეზიდენტი ცესკოს მოუწოდებს, საარჩევნო უბანი გახსნას სტრასბურგში

საქართველოს პრეზიდენტი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, 2024 წლის 26 ოქტომბრის სთვის საარჩევნო უბანი გახსნას საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგშიც. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნაზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ -ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკომ დღეს, 11 ოქტომბერს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი გახსნა. დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება: ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკსა და პარიზში.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ ხმის მიცემა.
განახლებული მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ია.