საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დეპუტატებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და სტუდენტებს უმასპინძლა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მნიშვნელობის რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება:
,,31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი – ეს ჩვენი უახლოესი ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი თარიღებია, რაზეც ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი დგას.
ეს არ არის მხოლოდ ის ისტორიული თარიღები, რომლებსაც ტრადიციულად ვიხსენებთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს არამხოლოდ გავიხსენოთ, არამედ გავიაზროთ კიდეც რას ნიშნავს ეს დღეები, რა დატვირთვა აქვს და რამდენად აქტუალურია ყველა ეს თარიღი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის.
მე არ მოვყვები რას ნიშნავს 31 მარტი, ჩემზე კარგად ეს აქ დამსწრე საზოგადოებას ახსოვს და იცის როგორ წარმოიშვა 31 მარტი, როგორ წარიმართა ის და შემდეგ 9 აპრილი… თქვენი ყურადღება მინდა მხოლოდ 3 ასპექტს მივაპყრო:
პირველი – რეფერენდუმი, როგორც გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლო. რომ არა ქვეყნის, და ყველა მოქალაქის ერთობა, (რაც ამ რეფერენდუმის შედეგებშიც კარგად ჩანს) – არ იქნებოდა რეფერენდუმი და მისი გამარჯვების ნიშანი. იქ იყო ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც უკვე არსებობდა და რომელმაც შემდგომი გადაწყვეტილებები განაპირობა – ქართველმა ერმა დაამტკიცა საკუთარი ნება იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი.
მეორე – რეფერენდუმი როგორც სამართლებრივი საფუძველი. რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველი გახდა, რომელსაც 9 აპრილს მოეწერა ხელი.
რეფერენდუმი რომ არ ყოფილიყო, ცხადია, დამოუკიდებლობის აქტს არ ექნებოდა იგივე ძალა და იგივე დატვირთვა.
ასევე რეფერენდუმი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან ის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა.
რეფერენდუმი ასევე, სახელმწიფოს უწყვეტობის სიმბოლო და მაგალითი გახდა, რამეთუ რეფერენდუმის კითხვა – დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ იყო 1918 წლის 26 მაისისა და პირველი კონსტიტუციის საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფოებრივი უწყვეტობა და დღესაც ამაზე ვდგავართ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რეფერენდუმი ასევე იყო პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური აქტი – უარი ერთდროულად საბჭოთა ტოტალიტარიზმს, საბჭოთა სისტემასა და რუსულ იმპერიალიზმს. ეს არის ის, რაზეც დღესაც ვდგავართ. ეს არის ის, რისთვისაც ბრძოლა არ დასრულებულა.
დღესაც ვებრძვით საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნარჩენებს, დღესაც ვებრძვით რუსული იმპერიალიზმის ნარჩენებს (ზოგჯერ ძლიერს), ასე ვთქვათ, კუდს კიდევ იქნევს. ეს ჩანს ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩანს უკრაინაში, ჩანს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩანს პროპაგანდაში, ჩანს ჰიბრიდული ომის ყველა ნაბიჯზე და ჩანს იმ მცდელობებში, რომ საქართველომ არ განაგრძოს სვლა დამოუკიდებელი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ.
ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიზეიმოთ ეს თარიღები, არამედ სრულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა ჩვენც გვეკუთვნის. ჩვენც ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების მიმართ როგორ შევინარჩუნებთ, როგორ გავაძლიერებთ, როგორ გავამყარებთ იმ დანატოვარს, რასაც 31 მარტის რეფერენდუმი ჰქვია.
ეს არის ის, რაც დაგვიტოვა ზვიად გამსახურდიამ და რისთვისაც ის საქართველოს ისტორიაში შევიდა. დღეს მისი 85-ე დაბადების დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადგან პირველმა პრეზიდენტმა ეს უზარმაზარი მონაპოვარი დაგვიტოვა ჩვენი ვალი და ვალდებულებაა არათუ შევინარჩუნოთ ის, არამედ შემდეგ ეტაპზეც გადავიყვანოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე: საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ასათიანმა და ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, გამომცემლობა “არტანუჯის” დირექტორმა ზვიად კვარაცხელიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა, მწერალმა როსტომ ჩხეიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა (დიპლომატიური კლუბის წევრი) იაკობ ორმოცაძემ.
ღონისძიებაზე გამომცემლობა ,,ინტელექტის“ წარმომადგენელმა ზვიად კვარაცხელიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე გამოცემული თემატური წიგნები წარადგინა.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემატიკაზე გამოცემული თემატური წიგნები წარადგინა.