პრეზიდენტი სამარცხვინოს უწოდებს გალში დაკავებულ ქართველებზე ოდიშარიას კომენტარს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის დეპუტატ ს ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
ზურაბიშვილის თქმით, ოდიშარიას განცხადება სამარცხვინოა, რომ “ე.წ. სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე, სულ რომ არ იცოდე, თუ რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია”:
„ეს, როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“ — აღნიშნავს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბექა ოდიშარიას მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარი, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ „ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ“. ამასთან, ოდიშარია ამბობს, რომ საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა გადაეცეს, რომელიც „საკითხში გაერკვევა“:
„ამ შემთხვევაში, თუ ის დაკავებული იყო ფულის აღებმიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა ს მარიონეტული ხელისუფლების წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცეს საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში,“ – თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
2024 წლის 17 აგვისტოს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე 1964 წელს დაბადებული რემიკო ჭითანავა და 1967 წელს დაბადებული მურთაზ ჭითანავა.
„აფსნიპრესის” ინფორმაციით, მათ მარიონეტული რეჟიმი „ოფიციალურად დაწესებული საგუშაგოების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთის უკანონოდ ადამიანების გადაყვანას“ ედავება. დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ დაკავებულთა საცხოვრებლის შემოწმებისას აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა RGD 5, ტროტილი 1600 გრამისა და 45 გრამის ოდენობის პლასტიდი, აგრეთვე ტროტილის ბლოკი, სხვადასხვა ვაზნები და დოლარის კუპიურები.
მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. სუს-ში ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“.
სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.
სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.
უწყების განცხადებით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით:
„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”