საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, ამ დროს კი დელეგაციის ვიზიტი ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეგობრების საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყნის კრიზისიგან გამოსვლის გზის მოძებნაა.
“მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის კიდევ ერთი ნიშანი ევროპული მხარდაჭერის. ის, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე, არაერთხელ კი არა, ყოველ ჯერზე, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრაქტიკულად, ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე, იმიტომ რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპისგან გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში.
ეს არის ქვეყანა სადაც ევროპული, დემოკრატიული საზოგადოებაა, სამწუხაროდ, არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომ არის, რომ შევდივართ კრიზისში, ვიცით, რომ ცესკოს ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს, კრიზისი სახეზეა და ეს ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ნახონ, მოიპოვონ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში, ფორმით, სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.