პრეზიდენტი – პარლამენტის წევრები ახალისებენ, ამართლებენ ძალადობას, ეს არის რუსული სტილის პოლიტიკა

არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება – მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ოპონენტებზე ძალადობას რუსული სტილის პოლიტიკა ჰქვია.
ზურაბიშვილის თქმით, შშმ პირთა უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული.
„14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა ღრმად მრწამს, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება შევეხოთ ერთ კატეგორიას და არა ზოგადად, ადამიანის უფლებებს, ამიტომ ამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ. არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა და მე არ შემიძლია ამ ქმედებების სხვაგვარად დახასიათება, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლებია, საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ქცევა და ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართული ქმედებები. ამას საქართველოში ქართველი ვერანაირად ვერ გაამართლებს.
მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა – თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს