„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პროგრესიდან ავტორიტარიზმისკენ გადავიდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციის პირველი პერიოდი ძალიან დიდი წინსვლა იყო საქართველოსთვის.
„ვარდების რევოლუციის პირველი პერიოდი იყო ძალიან დიდი წინსვლა საქართველოსთვის, ძალიან დიდი ცვლილებები, სწორი ცვლილებები და ასე რომ გაგრძელებულიყო, უდავოდ შევიდოდა შევიდოდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ძალიან დიდი გარდამქმნელი ამ ქვეყნის დღევანდელ საუკუნეში.
სამწუხარო არის, რომ როგორც ხდება ზოგჯერ, გადავიდა ეს რეჟიმი „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ძალიან დიდი პროგრესიდან ავტორიტარიზმისკენ, რაც არის ძალიან დიდი ცდუნება, როცა ხარ ხელისუფლებაში.
მოხვედი ხელისუფლებაში ძალიან დიდი მხარდაჭერით, შეასრულე ნაწილი იმისა, რისთვისაც მოხვედი და მერე, რაც ხდება ყველა დემოკრატიულ წყობაში, ნელ-ნელა კარგავ ამ მხარდაჭერას, ეს არის ბუნებრივი ფორმა დემოკრატიის, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში და ამას ვეღარ ეგუები, იმიტომ, რომ ძალაუფლებას აქვს თავისი ცდუნება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.