საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობების გაცვლას კი „ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებად და გამყარებად“ აფასებს.
პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2023 წელს, დემოკრატიის კუთხით, საქართველოს მრავალი გამოწვევა ხვდა წილად, მათ შორის რუსული კანონი „უცხოეთის აგენტებზე“. პრეზიდენტის თქმითვე, პარლამენტი არ ასრულებს თავის საზედამხედველო ფუნქციას და ამის ნაცვლად, პარტიული პოლიტიკის გამტარებელია.
„გამოწვევები არ დაგვკლებია დემოკრატიის კუთხით: 2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, რომელიც აისახა რუსული კანონის ინიცირებაში. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და მისი განიარაღების მცდელობა. დამარცხდა თუ არა ეს კანონი, მას მოჰყვა კანონი ,,ეროვნული ბანკის შესახებ“, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა და ბოლოს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა. ამ უკანასკნელმა გამოაჩინა არამხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობაც. ეს ყოველივე კი, მაშინ ხდება, როცა ევროპისკენ მიმავალი ქვეყნის მიზანი დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს. მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის ის აუცილებელი ბალანსი, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია. პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა. ასევე, პარლამენტი მთავრობის ზედამხედველობისა და კონტროლის მაგივრად, მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა. ერთპარტიული სისტემა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის შემდგომ, მიუხედავად 2012-2013 წლებში ხანმოკლე კოალიციური მმართველობის მცდელობისა, დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. ბოლო ცვლილებებიც ამ ხაზს მიჰყვებიან – ერთპარტიული ძალაუფლების სისტემის შენარჩუნებას და გამყარებას, რასაც პარტიის შიდადემოკრატიას, თუ როტაციის პრინციპს არქმევენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა, პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ „ოცნების სიძლიერის უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი“. უკვე ყოფილმა პრემიერმა დაამატა, რომ „გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ [პრემიერობის] შესაძლებლობა“.