პრეზიდენტი იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს წევრს გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს შორის აირჩევს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის გადაწყვეტილებვით შექმნილმა კომისიამ 2 პირი შეარჩია — გიორგი ბურჯანაძე და კახა წიქარიშვილი. პრეზიდენტი სწორედ ამ ორიდან ერთს შეარჩევს და დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ 11 ივლისს გასაუბრება გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებთან: მანუჩარ კაკოჩაშვილთან, გიორგი ბურჯანაძესთან, თამარ ალფაიძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან და კახა წიქარიშვილთან.
გასაუბრების შემდეგ კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს.
საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები: ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ODIHR პრეზიდენტის აპარატის მოწვევით მონიტორინგს უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცესებს.
მონიტორინგის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება ამ წლის ბოლოს, რომელშიც მოცემული იქნება ჩვენი ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რათა სამომავლოდ გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესი.
ODIHR-მა შეიმუშავა მონიტორინგის ღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეუთოს რეგიონის ქვეყნებში სასამართლო დანიშვნებისა და შემოწმების (ვეტინგის) პროცესების მონიტორინგისთვის“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გაავრცელა.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ. პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ,“ — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 13 ივლისს გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.
კახა წიქარიშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი.
რაც შეეხება გიორგი ბურჯანაძეს, მას 2018-2023 წლებში ეკავა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობა. 2023 წლიდან ის -ის საელჩოში აგრძელებს საქმიანობას, იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე.