საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქართული ოცნების პოლიტიკასა და მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიაზე ისაუბრა.
გამოცემის თანახმად, კითხვაზე, რომელიც მის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიას ეხებოდა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა “სიამაყე ოპოზიციის გაერთიანების მცდელობით” და თქვა, რომ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიების გამარჯვების შემთხვევაში, ის მათ გვერდით დადგება, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის უზრუნველყოფის პროცესში.
“თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ პროევროპული ძალები და პარტიები, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, მე, სავარაუდოდ, ვიქნები მათ გვერდით, რათა ეს მივიტანო მომდევნო ევროპულ საბჭოზე და უზრუნველვყო მოლაპარაკებების დაწყება, ნებისმიერ პოზიციაზე – ეს ჯერ კიდევ საჭიროებს განსაზღვრას”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რას “ნანობს” პრეზიდენტი ყველაზე მეტად, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: “ჩვენ ხელიდან გავუშვით [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის პირველი შანსი”.
POLITICO-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ქართული ოცნების კურსი, თუმცა როგორც გამოცემა წერს, ევროპული გზიდან ქართული ოცნების უეცარი შემობრუნების საფუძველი თავად პრეზიდენტისთვისაც გაუგებარია.
“საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი რისკი მომდინარეობს რუსეთიდან. ომის რისკი იზრდება მაშინ, როცა საქართველო იზოლირებულია პარტნიორებისგან, როცა ის მარტოა, დაყოფილი და სუსტია. არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ლოგიკური, რაციონალური ახსნა”, – თქვა პრეზიდენტმა.
POLITICO წერს, რომ პრეზიდენტის მთავარი კითხვაა ბიძინა ივანიშვილის მიმართ – “საით მიგყავთ საქართველო?”. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ “როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და უფრო გაძლიერდა”.