პრეზიდენტი პარლამენტის წინააღმდეგ – სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შევა. პრეზიდენტი რუსულ კანონს ასაჩივრებს, რადგან მიიჩნევს, რომ ყველაზე რეპრესიული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. სწორედ ეს ჩანაწერი ავალდებულებს ხელისუფლებას, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველაფერი გააკეთონ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას “სწორს” უწოდებს “ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია. ოპოზიციის წევრის თქმით, თავისუფალი სასამართლოს პირობებში გადაწყვეტილება ცალსახა უნდა იყოს და რომ რუსული კანონი საქართელოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა მიიღოს, პირველ რიგში, ეს განხილვაში და შემდეგ უკვე უნდა გამოიტანოს შესაბამისი ვერდიქტი. თავისუფალ პირობებში ნებისმიერი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ გადაწყვეტილებას, რაც არის კონსტიტუციასთან თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობის მოყვანა. აქ, მე ვფიქრობ, საღი აზრი და პოლიტიკური სურათი არის ცალსახა, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, – ამბობს გრიგოლ გეგელია.
ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს “საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას.
რა მოლოდინი უნდა მქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელიც სრულად არის კონტროლირებადი პარტიული ვერტიკალით. არაფერი მოლოდინი არ მაქვს, განსაკუთრებით, მათი ბოლო გადაწყვეტილებების შემდგომ. გასაგებია, რომ მიღებენ ზუსტად იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც დაავალებენ პარტიიდან, – ამბობს გიორგი გახარია.
პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე კი ამბობს, რომ აღნიშნული სარჩელი ბოლო შანსია, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს და რუსული კანონი უკან გაიწვიოს.
არ მგონია, სამწუხაროდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა, მიუხედავად იმისა, რომ შიგნით არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები. მე ვფიქრობ, რომ ეს სარჩელი ალბათ არის ბოლო შანსი, ხელისუფლებამ შემოატრიალოს ის ავტობუსი, რასაც ჰქვია საქართველო და უკან გაიწვიოს სამარცხვინო და ჩვენი შემარცხვენელი და დამაზიანებელი და დამანგრეველი რუსული კანონი, – ამბობს ანა დოლიძე.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შევა, მინიმუმ, კიდევ ერთი სარჩელი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ.
წტარო: “ტვ პირველი”