საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ეკა ბესელიას დაფუძნებული სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ ფილიალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
“მართლმსაჯულება არის ის, რაც ყველა ქართველს ამოძრავებს; რისი არარსებობაც ყველა ქართველში წინააღმდეგობას იწვევს და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის – არა ეკონომიკური და არა ყოფითი საკითხები, არამედ უსამართლობა. ეს ძალიან ღრმადაა ქართულ გენეტიკაში, ან მოსამართლე უნდა იყო, ან ექიმი და ამას მიჰყვებით თქვენც. გისურვებთ, ისეთ ქვეყანაში იცხოვროთ, სადაც მართლმსაჯულება და სასამართლო იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი წინა თაობებიც”, – მიმართა ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს.
მისი თქმით, იყო პერიოდები, როცა ქვეყანაში არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო, თუმცა საბჭოთა პერიოდმა ამას გადაგვაჩვია.
“შემდეგ, ისევ დავიწყეთ სწავლა და შეჩვევა იმისა, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და ახლა ამ გზით მივდივართ. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელსაც; ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რათა ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ. ამისთვის ცენტრის ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სახლის აფხაზეთთან “არარსებულ საზღვართან” ახლოს მდებარეობის მნიშვნელობას.
“ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა ის, რომ ელემენტალური ადამიანის უფლებები, რომელიც დღეს ცივილიზებულ ქვეყანას ქმნის, იქ, ხიდის მეორე მხარეს არ არის გაზიარებული. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ვერ სარგებლობს ამ ელემენტარული უფლებებით. ამ უფლებების დაცვაც თქვენ გევალებათ. ეს არის სამართლიანი სახელმწიფო და ჩვენ ყველა ერთად უნდა ვისწრაფოდეთ ამ სამართლიანი სახელმწიფოსკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა და არა მხოლოდ თქვენ, ისინიც, ვინც იქიდანაც გვისმენენ, მოწადინებულნი არიან, რომ ჩვენ ეს მშვიდობიანად და ერთიანად შევასრულოთ – ეს არის ჩვენი ერთიანი და ევროპული მომავალი, რომელსაც ვუხსნით მათაც”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომლის მხარდაჭერით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმის საფუძველზე, სამართლის სფეროს სტუდენტებისთვის, ასევე აფხაზეთიდან გადმოსული სტუდენტებისთვის უფასო სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ამავე ბაზაზე გაიხსნა სასამართლო მედიაციის ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს დავების მორიგებით დასრულებაში უნდა დაეხმაროს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის ფილიალში პრაქტიკოსი იურისტები მომზადდებიან. პირველ ეტაპზე დასაქმდებიან აფხაზეთში მცხოვრები იურისტები, სტუდენტები, რომლებიც მომზადდებიან პროფესიული ეთიკის, დიპლომატიის და მოლაპარაკების ხელოვნების, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციის ხელოვნების მიმართულებითა და სამართლის ყველა სფეროში.