პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე საქართველოს ცესკო-ს უარი.
მან სოციალურ ქსელში გააზიარა “ნეტგაზეთის” საინფორმაციო ქარდი, სადაც წერია, რომ მოლდოვა თითქმის 4-ჯერ მეტს უბანს ხსნის უცხოეთში ვიდრე საქართველო.
“სირცხვილი არ ჰქვია ამას, კანონის უგულებელყოფა, ადამიანების საარჩევნო უფლების უარყოფა, სისხლის სამართლის საქმეა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ეს არ არის პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს კრიტიკის პირველი შემთხვევა უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე უარის გამო. რამდენიმე დღის წინ, მან გაავრცელა განცხადება, სადაც ცესკო დისკრიმინაციულ მიდგომაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ცესკოში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები პოლიტიკური მოტივებით ესხმიან თავს.
ცესკო-ში განმარტავენ, ისინი საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე იღებენ. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება.
“ვენის კონვენციის მიხედვით, საკონსულო ფუნქციების განხორციელება შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რისთვისაც მათ განესაზღვრებათ საკონსულო ოლქი”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც “ნეტგაზეთმა” მიიღო.
კიდევ ერთი არგუმენტი, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს, კონკრეტულ ქვეყნებში “პოლიტიკური, ან საომარი ვითარება”, ასევე, კონკრეტულ ქალაქებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეთა რაოდენობაა.
“ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში, სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.
Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში. ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
ამავე თემაზე:
· სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს
· თბილისი უკრაინაში საარჩევნო უბანს არ გახსნის | არჩევნები 2024
· ცნობილია, უცხოეთის რომელ ქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები – სია