ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას – კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ დემოკრატიით უზრუნველყოფილი მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები, ასევე აქვთ უფლება, საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს.
„ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას: დღეს ევროპა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა სიმდიდრე თავისთავად არაფერია, თუ ის არ გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობას, რაც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლებების დაცვასა და განხორციელებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამას გვპირდება ევროპა. კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის. ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს მთელი რიგი დაცული უფლებები აქვთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები.
მოქალაქეებს აქვთ უფლება საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს.
მოქალაქეებს აქვთ უფლება იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში: სურსათის უვნებლობა, ქაოსური მშენებლობები, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, ხმაური, გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები და კიდევ სხვა, მრავალი საკითხი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და დაცულია სამართლიანი სასამართლოთი. მოქალაქეებს აქვთ უფლება დაცულები იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.
კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა. ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია!“- განაცხადა პრეზიდენტმა.