პრეზიდენტი დროებითი მთავრობის კანდიდატურებზე პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

პრეზიდენტი დღეიდან „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობისთვის კანდიდატების შესარჩევად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების იწყებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს „გახარია საქართველოსთვის“ (#25) და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ (#4) წარმომადგენლებს ელოდებიან.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული და ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს მთავრობის ახალ მოდელს, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული. ხოლო დროებითი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი პრემიერმინისტრობისთვის, თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება. მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.
კითხვას, თავად თუ არის მზად პრემიერმინისტრობისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დასმულა, მაგრამ „გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია“.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატები მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად, ამომრჩევლისთვის არჩევნებამდე გახდება ცნობილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ