პრეზიდენტი გახარიას და ხაზარაძეს სადილზე ეპატიჟება – სავარაუდოდ, დღეს ეს შეხვედრა არ შედგება – Netgazeti • გიორგი გახარია • მამუკა ხაზარაძე • სალომე ზურაბიშვილი • Netgazeti.ge

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარია და შესაძლო გაერთიანებაზე სალაპარაკოდ თავისთან მიიწვია, თუმცა, სავარაუდოდ დღეს ეს შეხვედრა არ შედგება.
“მე 15:00 საათზე ვეპატიჟები ორივეს სადილზე. მანამდე, რაც უნდათ ის გააკეთონ, შეხვდნენ. პირიქით, ძალიან კარგი იქნება,” – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველს.”
ამ მოწვევას გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, ის მზადაა პირადად შეხვდეს გიორგი გახარიას და ამის შემდეგ ეწვიონ პრეზიდენტს:
“მე, ჩვენს კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისათვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ მომავალთან. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას.
გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ. მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება.
მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რაიმე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო,” – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.
ამ ეტაპზე “ლელო” “მოქალაქეებთან”, პარტიასთან”ხალხისთვის” და “თავისუფლების მოედანთან” ერთად ქმნის კოალიციას “ძლიერი საქართველო”.
თავად გიორგი გახარიას, ისევე როგორც მის თანაგუნდელებსა არაერთხელ უთქვამთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ