პრეზიდენტი: განაჩენი გამოტანილია – ეს არჩევნები არ შედგა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპით გარანტირებული მთავარი უფლებები – ხმის ფარულობა და ხმის საყოველთაობა.
მან ასევე ისაუბრა ს დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეც და თქვა, რომ “განაჩენი გამოტანილია – არ შედგა ეს არჩევნები”.
“ჩემი შემაჯამებელი შეფასება შედეგებისა, არის შემდეგი : პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და სტანდარტებით, რაც არაერთ კონვენციაშია ასახული გარანტირებული მთავარი უფლებები . ერთია ხმის მიცემის ფარულობა და მეორეა ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი.
ამასთან, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა წინასაარჩევნო როგორც არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე უმნიშვნელოვანესი უფლება, რაც არის ის, რომ საარჩევნო საჩივრები სამართლიანად და დამოუკიდებელ სასამართლოს მიერ იყოს განხილული. არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს არჩევნებს საზოგადოების დიდი ნაწილი და აგრძელებს სამართლიან პროტესტს.
არჩევნებს არ აღიარებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ თქვან არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლადო და რაც მნიშვნელოვანია, გავიდა სამი კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ პირიქით დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ.
ამდენად, განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები”- თქვა ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ორხელისუფლებიანობის იდეაზეც და აღნიშნა, რომ მას მოჰყვება პოლარიზაციის გაღრმავება და სერიოზული საფრთხეები. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამას ვერ დაუშვებს.
“ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხე. ერთი ასეთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ყოველდღიურად ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია.
ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვიდგას.
როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მე არ მაქვს უფლება, რომ ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ”- განაცხადა პრეზიდენტმა.