პრეზიდენტი – ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ – რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი

ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელ ძალისხმევას, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას.
კერძოდ, ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, მათ შორის უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობების კუთხით. ვგულისხმობ, იგივე, პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხებს და სანქციების დაწესება-არდაწესების თემას“.
პრეზიდენტის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები დაკავშირებული იქნება რუსეთთან ურთიერთობაზე.
„არა მგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იყოს დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებზე. პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას, რათა ჩვენ შევასრულოთ ის, რაც წერია „ქართულ ქარტიაში“, რაც საკმაოდ ნათელიცაა და რთულიცაა გასაკეთებლად. რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი, ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს შორის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.