დავით ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არცერთ ვარიანტში არ უნდა გადადგეს

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

პრეზიდენტ ს იდეა შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქვს პოტენცია ძირეულად შეცვალოს არა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი საქართველოში, არამედს საერთოდ ქვეყნის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი. ცხადია, მხოლოდ წერილობითი დოკუმენტის მომზადებით ასეთი ცვლილება არ მოხდება. არსებული პოტენციის რეალიზებისთვის საჭიროა, რომ ამ პლატფორმის ეგიდით შექმნილი გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში წარსდგეს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად (აუცილებლად!) უნდა აკმაყოფილებდეს სამ კონკრეტულ პირობას. კერძოდ:
ა) ერთობის პლატფორმა უნდა იყოს მიმართული პოლარიზაციის წინააღმდეგ და პრინციპულად უარყოფდეს ოპონენტისგან მტრის ხატის შექმნის პოლიტიკას. პლატფორმა უნდა იყოს სრულად და არსებითად გამიჯნული ორი მთავარი საინფორმაციო-პოლიტიკური ბანაკისგან. შესაბამისად ამ გაერთიანებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფიგურირებდეს ნაციონალური მოძრაობა, აგრეთვე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასოცირდებიან ძალმომრეობასა და ავტორიტარიზმთან. ქართული ოცნება რომ არ იფიგურირებს, ეს ისედაც ვიცით. ბ) ერთობის პლატფორმის მიერ წარმოებული კამპანია უნდა იყოს პრინციპულად პოზიტიური. ცხადია ოპონენტის კრიტიკას სრულად ვერ აცდები, მაგრამ პრიორიტეტი ცალსახად უნდა მიენიჭოს იმის წარმოჩენას, თუ რით ჯობია ეს გაერთიანება ორ პოლარიზებულ ბანაკს და რა სიკეთეს მოიტანს მისი გამარჯვება. გ) პრეზიდენტი ზურაბიშვილი არცერთ ვარიანტში არ უნდა გადადგეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩატარდება პრეზიდენტის რიგგარეშე და არსებული კანონმდებლობით ოცნება ადვილად გაიყვანს მისთვის სასურველ კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი უნდა დარჩეს თანამდებობაზე, არ მიიღოს პირდაპირი მონაწილება საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ მისი ინიციატივით შექმნილი პლატფორმა როცა პოლიტიკურ გაერთიანებად გადაკეთდება, ეს მაინც მას მიეწერება და ამ ახალი სუბიექტის სიმბოლური შემკვრელი და გამაერთიანებელი მაინც ის იქნება ხალხის თვალში. მესმის, რომ თითოეული პუნქტი მეტ გაშლას და სხვადასხვა ნიუანსების დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ აქ ამის ადგილიც არ არის და პრინციპში თუ ეს სამივე პუნქტი ზოგადი დებულების დონეზე მისაღებია, სხვა ყველაფერი წმინდა ტექნიკური საკითხია. და თუ ასეთი გაერთიანების შექმნა წინასაარჩევნოდ მოხერხდა, მე პირადად სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეიტინგის და გავლენის თვალსაზრისით ეს იქნება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ტოლფარდი ძალა, რაც ფუნდამენტურად და სასიკეთო მიმართულებით შეცვლის ვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
Updated: მერე რომ ცალ-ცალკე არ მომიწიოს განმარტება კომენტარებში, ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ სხვადასხვა სუბიექტური მიზეზების გამო დიდი ოპტიმიზმით აღნიშნულ წამოწყებას არ ვუყურებ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ თუ რეალურად გვინდა პოლარიზაციის გარღვევა და არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა, პრეზიდენტის ეგიდით ასეთი გაერთიანების შექმნა არის მოცემულ ვითარებაში ერთადერთი სწორი გზა. ყველა სხვა შემთხვევაში მხოლოდ ის ორი პარტია გვეყოლება ორნიშნაპროცენტიანი რეიტინგით და აქედან გამომდინარე შედეგებით.