პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივ დამკვირვებლებს ხვდება და არჩევნების დღეს მათ გამოცდილებას ისმენს. ზურაბიშვილმა შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომ დამკვირვებლები “უსამართლო ბრძოლაში” იყვნენ და ისინი არიან ჯარი, რომელიც “ჩვენს ხმებს იცავდა”.
“მე ვიტყოდი, რომ ახალი მტკიცებულებები არაა საჭირო ამიტომ ყველამ ვიცი, ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული და არ შედგა არჩევნები. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანური პირველადი მტკიცებულება, რაც არის თქვენი პირადი, რაც ნახეთ, რა დაწერეთ და რა ვერ დაწერეთ და შეინახეთ მაინც და ეს მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
დამკვირვებლები, რომელთა დიდი ნაწილი წელს პირველად აკვირდებოდა არჩევნებს, უზიარებენ პრეზიდენტს საკუთარ გამოცდილებას, ყვებიან იმ მტრულ გარემოზე, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე დახვდათ და ასევე იმ დარღვევებზე, რომელთა დაფიქსირების საპასუხოდ ხშირად საუბნო კომისიის წევრებისგან აგრესიას იღებდნენ.