საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს არ მისცა უფლება, უნივერსიტეტში შეეგროვებინათ ხელმოწერები კამპანიის ფარგლებში “ჩვენი ხმა ევროპას”. მან ამის შესახებ თქვა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შეეხებოდა “საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას”.
“არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განაცხადს – თუ წაიკითხეთ ეს განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არაფერი არსებობს და რექტორი უარს ამბობს, რომ შიგნით [უნივერსიტეტის შენობაში] ვითომც რაღაც პოლიტიკური ღონისძიება არ შეიძლება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე.
ხელმოწერების შეგროვებაში ჩართული ერთ-ერთი სტუდენტი ნიკო მანაგაძე “მთავარ არხთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თსუ-ს რექტორმა მათ “ფორმალური მიზეზი” უთხრა.
“ვერავინ ვერ შეაფერხებს ხალხის კამპანიას… არ არის ეს ბოიკოტი და ხალხის ნებას ვერავინ შეაჩერებს”, – თქვა თსუ-სთან მისულმა სალომე ზურაბიშვილმა.
თსუ-ს რექტორმა და პრესსამსახურმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რექტორი ჯაბა სამუშია “ინტერპრესნიუსთან” კომენტარში კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “ფარატინა ქაღალდიც” კი არ მიუღიათ.
“თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ?! ხომ არის წესი და რიგი?! ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული.
მე ვეკუთვნი იმ თაობას, რომელიც 90-იანი წლებიდან ველოდებით იმ შანსს, როდესაც ჩვენთვის ევროპის კარი გაიღება, მათ შორის, მანამდე, სანამ ქალბატონი სალომე საერთოდ საქართველოში ჩამოვიდოდა”, – თქვა ჯაბა სამუშიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმოწერების კამპანიაზე მას შემდეგ ილაპარაკა, რაც რეგიონებში “ეროვნული თანხმობის მიმართ რაღაც გულგრილობა” ახსენა.
“მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ადგილზე ჩადის, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც მხოლოდ საქართველოს ევროპული გზაა; არანაირი სხვა პოლიტიკური თუ შიდაპოლიტიკური ძახილები არ არის და იქ არმისვლა ან კიდევ უარესი – სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვდეთ [შეხვედრაზე], ეს ხომ საერთოდ არ მესმის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია “შენი ხმა ევროპას” დაიწყო 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხებოდა.
ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო – 27 წევრი ქვეყანა – დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.