საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაითვალისწინა პარტიების პოზიცია ქართული ქარტიით გათვალისწინებული პრემიერობის კანდიდატის არჩევნების შემდეგ წარდგენაზე.
ფორმულასთან ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული – შეჯერებას არჩევნების შემდეგ დაიწყებენ.
ის ასევე ამბობს, რომ ჰყავს პრემიერობის კანდიდატი, თუმცა დისონანსის თავიდან არიდების მიზნით და პარტიების გათვალისწინებით, მას არჩევნების შემდეგ დაასახელებს.
“მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, იმიტომ რომ აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს და მათგან მოვისმინე, რომ ესენი თვლიან, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების მერე, მართალია, მათი ინტერპრეტაცია ქარტიის, რომ არ წერია იქ, რომ მანამდე უნდა იყოს, თუ მერე და რადგანაც მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობს, ეს არჩევნების მერე იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულები, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა.
ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული, არის ბევრად ადვილი მართვის იმისთვის რომ შეჯერდნენ ეს პარტიები რომელსაც აქვთ სხვადასხვა ხედვა და არიან მართლაც იდენტიფიცირებული და არ არის ეს ერთი ჯგუფი ამიტომ ვამბობდი, რომ სირთულე არის თვითკოალიციური მმართველობა, მაგრამ ამასაც შევძლებთ და ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება მთლიანად იყოს ტექნიკური, შეიძლება იყოს შერეული, ამაზეც დავიწყებთ შეჯერებას არჩევნების შემდეგ”, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ტექნიკურ მთავრობასა და პრემიერობის კანდიდატზე ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებას მიაღწევს.