„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ არ ვეთანხმებოდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მან ამით განადგურებას გადაარჩინა დედაქალაქი“

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ არ ვეთანხმებოდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მან ამით განადგურებას გადაარჩინა დედაქალაქი“-ასე იხსენებს ხარაგაულის ყოფილი პრეფექტი გია თავზარაშვილი 1991 წლის მიწურულის და 1992 წლის დასაწყისის „თბილისის ომის“ ტრაგედიას.
გია თავზარაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც, გამსახურდიასთან ერთად, 6 იანვარს, გათენებისას უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა.
„გათენებისას, დაახლოებით 5-6 საათზე დავტოვეთ უზენაესი საბჭოს შენობა, როცა დავტოვეთ თბილისი, გამსახურდია გარემოცვასთან ერთად წითელი ხიდისკენ წავიდა, მე ხარაგაულში დავრჩი, რადგან მქონდა კონკრეტული დავალებები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ მე იმ დროს არ ვეთანხმებოდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, ამით რა ააცილა დედაქალაქს გამსახურდიამ. სადაც ვცადეთ წინააღმდეგობის გაწევა და საიდანაც გვიტევდნენ, გადაწვეს ყველა ის ადგილი, გადავიდნენ სასტუმრო „თბილისში„ და იქიდან გვიტევდნენ. როცა დატოვეს სასტუმრო, გადაწვეს დისლოკაციის ყოფილი ადგილი, შემდეგ გადავიდნენ სამხატვრო აკადემიაში და იქიდან დაიწყეს შეტევა, აკადემიის დატოვების შემდეგ კი, აკადემიაც გადაწვეს. როცა რუსული სპეცსამსახურებით ხელშეწყობილი ძალა გეომება, ძნელია რამეს გახდე. გამსახურდიამ კარგად იცოდა, რომ თბილისი არ იყო გროზნო და არ იყო ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქი, ამიტომ მან ქალაქის დატოვებით თავიდან აიცილა დედაქალაქის სრული განადგურება და მასობრივი სისხლისღვრა,“-იხსენებს გია თავზარაშვილი.
6 იანვარს, მეტეხის ხიდთან პუტჩისტებმა პრეზიდენტის მომხრეებით სავსე “იკარუსის” მარკის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი, დაიჭრა ათეულობით. დაღუპულთა შორის იყო სამაჩაბლოს გმირი გოგია გაბროშვილი, მის მოკვლაზე ოს სეპარატისტებს ფულადი ჯილდო ჰქონდათ დაწესებული.
ამავე დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე დაცხრილეს მსუბუქი ავტომობილებით მოძრავი გამსახურდიას თანამებრძოლები.
1992 წლის 7 იანვარს შეიარაღებული ოპოზიცია უზენაესი საბჭოს შენობაში შევიდა და გამსახურდიაზე გამარჯვება იზეიმა. სწორედ ამ დღეს დამთავრდა თბილისის ომიც, რომელმაც დასაბამი დაუდო უფრო სისხლიან შეტაკებას – სამოქალაქო ომს. იმავე დღეს, 7 იანვარს, მთავრობის სასახლიდან გასული გამსახურდიას 30-მდე გვარდიელი ზუგდიდში, შინ ბრუნდებოდა. ნატახტართან მათ ავტობუსს კიტოვანის ბიჭებმა ცეცხლი გაუხსნეს. ავტობუსში მყოფთაგან მხოლოდ რამდენიმე დარჩა ცოცხალი. მეორე დღეს, თბილისში, საბურთალოზე შეკრებილ რამდენიმე ათას მშვიდობიან მომიტინგეს სამხედრო საბჭოს ბრძანებით ცეცხლი გაუხსნეს. გამოიყენეს მხუთავი გაზიც, დაიღუპა 3 და დაიჭრა რამდენიმე კაცი.