აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ერთ-ერთი ხმოსანი, ზურაბ ჯგუბურია, პროტესტის ნიშნად, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ესწრება. როგორც მან სოციალურ ქსელში აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
“მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან უნდა დავდგე – მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ – თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის: ჩემი დიდი ოჯახის, შვილების/შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე.
მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მისი ლეგიტიმურობას ვიზიარებ!” – წერს ზურაბ ჯგუბურია.
არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია, რომელიც ამბობს, რომ უარს აცხადებს საქართველოს “დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე” და ბოიკოტს უცხადებს პრეზიდენტის არჩევნებს.
„მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, – განუცხადა მჟავიამ “ინტერპრესნიუსს”.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათამდე უნდა დასრულდეს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.