შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი 500-ზე მეტ ახალ სანქციას აქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ. 23 თებერვლით დათარიღებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა ცდილობს, უკრაინაში ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს.
ამასთან, შეერთებული შტატები 100-მდე სუბიექტს, რუსეთის მხარდაჭერის გამო, საექსპორტო შეზღუდვებს უწესებს. ასევე, იდგმება ნაბიჯები რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომი შემცირებისთვის, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ახალი ზომები მიზნად ისახავს რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ომისა და ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. ვაშინგტონი ცდილობს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, როდესაც მას საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტი ემუქრება და შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება კონგრესში თვეების განმავლობაში გადაიდო.
„ისინი [სანქციები] უზრუნველყოფს იმას, რომ პუტინმა კიდევ უფრო მეტი საფასური გადაიხადოს საზღვარგარეთ მისი აგრესიისთვის და რეპრესიებისთვის“, – ამბობს ბაიდენი.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პარასკევს გამოცხადებული საქნციების მთავარ სამიზნეებს შორის არიან ინდივიდუალური პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ალექსეი ნავალბის პატიმრობასთან. ასევე, სამიზნეებს შორისაა რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სხვა.
“ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის ხალხი აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი გამბედაობით. მაგრამ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ. უკრაინას სჭირდება მეტი მარაგი შეერთებული შტატებისგან, რათა დაუპირისპირდეს დაუნდობელ თავდასხმებს, რაც შესაძლებელი გახდა რუსეთის იარაღისა და საბრძოლო მასალის გამო, ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
”ამიტომაც, წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი კანონპროექტი, სანამ ძალიან გვიან იქნება”, – აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.