როგორც ირკვევა, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი მსროლელი 24 წლის დავიდ კ. იყო, რომელიც პრაღიდან 20 კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა. თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც ხელოვნების ფაკულტეტს განეკუთვნება.
BBC-ის ინფორმაციით, მსროლელი აქტიური სტუდენტი იყო. მედიის ცნობით, 2023 წელს ამავე სახელის მქონე კაცმა კრაკოვსა და სხვა რეგიონებში 1846 წლის რევოლუციურ მოვლენებზე დაწერილი საბაკალავრო ნაშრომისთვის პრაღის პოლონური ინსტიტუტის პრიზი მოიგო.
პოლიციის თქმით, თავდასხმის დღეს დილის საათებში დ.კ.-ს მამა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამიტომ, დ.კ.-ს უნივერისტეტის იმ შენობაში ეძებდნენ, სადაც ის ნაშუადღევს ლექციას უნდა დასწრებოდა. ამის მაგივრად, მსროლელმა ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში ცეცხლი გახსნა, 15 ადამიანი მოკლა და 24 ადამიანი დააზიანა.
21 დეკემბერს საღამოს პრესკონფერენციიაზე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა თქვა, რომ უნივერსიტეტის შენობაში მსროლელის მიერ დიდი რაოდენობით მომარაგებული იარაღები აღმოაჩინეს.
“შესაძლოა პოლიციის სწრაფი რეაგირების გარეშე რამდენიმე ათეული მსხვერპლი გვყოლოდა”. – თქვა რაკუსანმა.
პრესკონფერენციაზე პოლიციამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ახსენეს, რომ წინა კვირას მომხდარ მკვლელობებში მსროლელის ბრალეულობას იძიებენ და ეჭვობენ, რომ დ.კ.-მ თავდასხმამდე კლანოვიცეს ტყეში ორი ადამიანი მოკლა. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ტყეში ზრდასრული კაცი და თოთო ბავშვი დაიღუპნენ.
გავრცელებული აზრით, მსროლელი 7 დეკემბერს რუსეთში 14 წლის გოგოს მიერ სკოლაში მოწყობილი თავდასხმით იყო შთაგონებული. შემთხვევა ქალაქ ბრიანსკში, მე-5 გიმნაზიაში მოხდა. მე-8 კლასელმა ალინა ა.-მ სასწავლებელში მამის სანადირო თოფი მიიტანა, მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა და თავი მოიკლა.