დაახლოებით 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას.
პრაიმერიზში დაახლოებით 15-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 13 211 000 ხმა სტამბოლის დაკავებულ მერს ერგო.
„მთელი დღის განმავლობაში, ამომრჩევლები მიდიოდნენ საარჩევნო ყუთებთან 81 ქალაქში მას შემდეგ, რაც CHP-მ კენჭისყრა გახსნა თავისი 1,7 მილიონი პარტიის წევრის მიღმა ყველასთვის, ვისაც სურდა მონაწილეობა. ხალხი იმდენად დიდი რაოდენობით გამოვიდა, რომ ხმის მიცემა დამატებით სამ-ნახევარი საათით გახანგრძლივდა“, — წერს FRANCE 24.
სტამბოლის ოპოზიციონერი მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც ერდოღანის მთავარი კონკურენტია, რესპუბლიკური სახალხო პარტიის პრაიმერიზამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.
მას კორუფციას ედავებიან. იმამოღლუ ბრალდებებს უარყოფს. პრეზიდენტი ერდოღანი კი აცხადებს, რომ იმამოღლუ და მისი პარტია ქვეყანაში მშვიდობის მტრები არიან და ხალხის პოლარიზებას ცდილობენ.
ოპოზიციონერი კანდიდატის დაპატიმრებას თურქეთში პროტესტის ტალღა მოჰყვა.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად მოახდინა პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია.
თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაც.
