ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „კომერსანტთან“ საუბრისას არაეტიკეტირებული რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის გამოვლენის ფაქტები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ახალი ამბავი არაა და პერიოდული შემოწმებების დროს მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება, რადგან ადამიანები მიდრეკილი არიან თაღლითობისკენ.
„პერიოდულად ხდება შემოწმება და ხანდახან გამოდის ისეც, რომ პროდუქტში გამოყენებულია რძის ფხვნილი ან სხვადასხვა ცხიმები, თუმცა ეს ახალი ახალი ამბავი არ არის. სურსათის უვნებლობა ავლენს ასეთ მეწარმეებს და ცხადია სასჯელიც შესაბამისია, ასეთ ფაქტებს მოჰყვება ჯარიმა, საწარმოს დახურვა და ა.შ. ეს ახალი ამბავი არ არის და არც პირველად ხდება, ადამიანები მიდრეკილი არიან დანაშაულისკენ. ეს არის კრიმინალი, თაღლითობა, როდესაც მეწარმე აკეთებს განაცხადს, რომ ნედლ რძეზე მუშაობს და სინამდვილეში მთლიანად მოიხმარს ან ურევს რძის ფხვნილს.
თავმოყვარე ქვეყნები არასდროს იკადრებენ რძის ან ღვინის ფალსიფიკაციას და არ აკადრებენ ამას მომხმარებლებს, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცე ვერ მიეჩვია იმას, რომ ფალსიფიკაცია არის დასჯადი“ – აღნიშნა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (momxmarebeli.ge) ინფორმაციით, რძის ნაწარმის შემოწმებული 20 ნიმუშიდან 5-ში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა. მათივე ცნობით, ცენტრმა 2023 წლის დეკემბერში, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 10 რძის პროდუქტი შეიძინა და ლაბორატორიას ჩააბარა, მცენარეული ცხიმის შემცველობაზე შესამოწმებლად. 10-დან 2 ნიმუშში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.
