საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 10 მგვტ-ია. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც სისტემას მზის სადგური დაემატება. სადგურები კახეთის რეგიონში მდებარეობს.
ელექტროსადგურების ინვესტორი შპს „ალაზნის მზე“ და შპს „კახეთის მზეა“. როგორც კომპანიაში BMG‑ის განუცხადეს, სადგურები ქსელს უახლოეს კვირებში მიუერთდება. ჯამურად ხუთი ელექტროსადგურის გამომუშავება წლიურად 15 მლნ კილოვატსაათი იქნება.
კომპანიის პროექტების მენეჯერის განცხადებით, სადგურები ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD მექანიზმის ფარგლებში აშენდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ საინვესტიციო პორტფელში დამატებით ჯამურად 100 მეგავატი სიმძლავრის მზის სადგურებია, რომელთა მშენებლობა ეტაპობრივად უახლოეს წლებში იგეგმება.
“ხუთი მზის ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობა 2025 წლის მაისში დავასრულეთ. თითოეული 2 მეგავატიანი სადგურია და ყველა კახეთის რეგიონში მდებარეობს. ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან მათი ქსელზე დაერთებასთან დაკავშირებით და ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კომერციული მზის ელექტროსადგური, რომელიც პირდაპირ ქსელზე დაერთდება. სადგურების წლიური გამომუშავება 15 მლნ კილოვატსაათი იქნება. დღეს საქართველოში ადგილობრივი მოხმარება ელექტროენერგიის წარმოებას ასწრებს და ამიტომ ჩვენი კომპანია ვხედავთ, რომ არსებობს ის ნიშა, რომელიც ამოსავსებია.
ქვეყანაში უფრო მეტად ჰიდრორესურსებია განვითარებული და დივერსიფიკაციის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია მზის სადგურები. მზის მიმართულებით დაახლოებით 100 მეგავატის პროექტები გვაქვს ჩვენს პორტფელში გასავითარებლად, ყველა მათგანი სხვადასხვა ეტაპზეა და ვფიქრობთ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ამ სადგურებს ავაშენებთ და ქსელზე დავაერთებთ. ამ პროექტების უმრავლესობას მიღებული აქვს CFD მექანიზმი, მათი ნაწილი კვლევის ეტაპზეა, ნაწილი კი სამშენებლო ნებართვის მოპოვების პროცესშია. ვფიქრობთ, რომ წელს რამდენიმე მზის სადგურის მშენებლობას უკვე დავიწყებთ, მათ შორის 25 მეგავატი სიმძლავრის სადგურის“, – განაცხადა ნუგზარ ხაინდრავამ.
