პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხისადმი სოლიდარობისთვის კენჭისყრა შედგება

საქართველოს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე, პორტუგალიის პარლამენტში პარტიამ “ლიბერალური ინიციატივა” ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატავად კენჭისყრის წინადადება წარადგინა.
პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, როდესაც 2022 წლის მარტში საქართველომ, მოლდოვასა და სთან ერთად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეიტანა განაცხადი, “ცოტა თუ მოელოდა, რომ ორი წლის შემდეგ, ის ქვეყანა, რომელსაც 2008 წელს სასტიკად დაესხა თავს, ისევ კრემლის ორბიტაზე დაბრუნდებოდა”.
“საქართველოს მმართველი პარტია, სახელად “ქართული ოცნება”, ცდილობს, რომ ევროკავშირში ყოფნის ქართველი ხალხის ოცნება “უცხოეთის აგენტების” კანონპროექტის წინ წაწევით გაყიდოს”. – წერია განცხადებაში.
პარტიის თქმით, “აღნიშნული კანონპროექტი სერიოზული თავდასხმაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეჭვქვეშ აყენებს როგორც ქვეყნის გახსნილობას გარე სამყაროსთან მიმართ, ასევე იმ კავშირებს, რომელთა გაღრმავებასაც საქართველო დანარჩენ ევროპის კონტინენტთან ცდილობდა”.
განცხადებაში “ლიბერალური ინიციატივა” ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებს ეხმაურება და წერია, რომ აღნიშნული კანონის მიღება “საქართველოში ევროპული ოცნების სიკვდილს” ნიშნავს.
“ლიბერალური ინიციატივა ქართველი ხალხის მხარეზეა მათ ბრძოლაში, იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების გარანტიებით” – წერია პარტიის განცხადებაში.
მოგვიანებით, პორტუგალიის პარლამენტში “ლიბერალური ინიციატივის” პოლიტიკურმა მრჩეველმა, ხორხე ტექსეირამ ტაბულასთან განაცხადა, რომ კენჭისყრას 28 მაისს პორტუგალიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილავენ და დიდი ალბათობით “ხმათა მნიშვნელოვანი უმრავლესობით” მიიღებენ.
ამასთანავე, პარტიამ “ლიბერალური ინიციატივა” ტაბულასთან განცხადება გაავრცელა და ბოლო პერიოდში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ დაშინების კამპანიას გამოეხმაურა.
“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მომუშავე საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მომხდარი დაშინების შემთხვევებით. სამწუხაროდ, საქართველოში პრორუსული ძალების ასეთი არადემოკრატიული და არაგულწრფელი ქმედებებით გაკვირვებულები არ ვართ. მტკიცედ ვგმობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შებოჭვის ყველა მცდელობას და დამწუხრებულები ვართ იმის დანახვით, რომ ასეთ მცდელობები, ამჟამინდელი მთავრობის ინიციატივასთან ერთად, საქართველოს შორს აყენებს იმ ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებებისგან, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები ასე ზრუნავენ”. – განუცხადა პარტიამ ტაბულას.
ამასთანავე, “ლიბერალური ინიციატივა” აცხადებს, რომ ისინი ყოველთვის გვერდში დგანან მსოფლიოსა და ევროპაში მოქალაქეების ლიბერალური და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ: “გვერდში ვუდგავართ ბელარუსელებს, მოლდოველებს, უკრაინელებს და ახლა უკვე ქართველებს, რომლებიც პოლიტიკური და ინდივიდუალური თავისუფლებისთვის იღვწიან, რომელიც რუსული ჩარევისა და აგრესიისგანაა თავისუფალი”. – აცხადებს “ლიბერალური ინიციატივა”.

ასევე დაგაინტერესებთ