პომპეიში აღმოჩენილი სახელოსნოს გათხრებით საბოლოოდ დადგინდა, როგორ ამზადებდნენ რომაელები ბეტონს

პომპეიში გათხარეს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ დროში გაყინული უძველესი სამშენებლო მოედანი, რომლის საფუძველზეც, არქეოლოგებმა საბოლოოდ დაადგინეს ის მეთოდები, რომლითაც რომაელები ბეტონს ამზადებდნენ.
პომპეი თანამედროვე ქალაქ ნეაპოლის სიახლოვეს მდებარეობდა; ვულკანური ფერფლისა და ლავის ქვეშ ის ახ. წ. 79 წელს ჩაიმარხა. სამშეებლო მოედნის გათხრები 1880-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დიდი ხნით შეჩერდა. ახალი მასშტაბური გათხრები 2023 წელს განახლდა.
ასე აღმოაჩინეს არქეოლოგებმა თითქმის ხელუხლებლად შემონახული ბეტონის სახელოსნო კედლებზე განთავსებული წარწერებით, სადაც მითითებულია სამუშაო გრაფიკი და მასალის რაოდენობა. ასევე აღმოაჩინეს ბეტონის დასამზადებელი ხელსაწყოები, ჩაუმქრალი კირის გროვები და გადამუშავებული სახურავის კრამიტები.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ადმირ მასიკი ამბობს, რომ ჯგუფი გაოცებული იყო ძეგლის საოცრად კარგად შემონახულობით და რომ ის გვთავაზობდა შესაძლებლობას, საბოლოოდ დადგენილიყო რომაული ბეტონის დამზადების მეთოდები ისე, როგორც ვერცერთი ლაბორატორიული რეკონსტრუქცია ვერასდროს გაიმეორებდა.
„მასალები ზუსტად ისეთი იყო, როცა ამოფრქვევის მომენტში, ქალაქი რომ დროში გაიყინა. მისი შესწავლისას ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დროში ვმოგზაურობ, ახ. წ. 79 წელში გადავდივარ და ვდგავარ მუშების გვერდით, რომლებიც ბეტონს ურევენ და აშენებენ“, — ამბობს მასიკი.
ჯგუფის აღმოჩენები მიუთითებს, რომ საჭიროა გადაიხედოს დიდი ხნის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდნენ რომაელები ბეტონს.
ისტორიული ტექსტები იუწყება, რომ რომაელები ბეტონის დასამზადებლად იყენებდნენ ჩაუმქრალ კირს (კალციუმის ჰიდროქსიდი), რომელსაც წყალში ურევდნენ, შემდეგ კი სხვა ინგრედიენტებს ამატებდნენ, მაგალითად, ვულკანურ ფერფლს.
თუმცა, პომპეის სახელოსნოში აღმოჩენილი მშრალი, შერევამდელი გროვების ქიმიური ანალიზები აჩვენებს, რომ სინამდვილეში, უძველეს ბეტონს ამზადებდნენ ცხელი შერევის მეთოდით, რომელშიც იყენებდნენ დამწვარ კირს, ანუ კალციუმის ოქსიდს. კირს ყველა სხვა ინგრედიენტს ურევდნენ, მათ შორის, ვულკანურ ფერფლს, შემდეგ კი ასხამდნენ წყალს და ქიმიური რეაქციის შედეგად, ბეტონის ნაწილი ცხელდებოდა და მკვრივდებოდა.
„ჩვენ მიერ აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დამწვარი კირი ძირითად როლს ასრულებდა სამშენებლო ბეტონში. რაც შეეხება ჩაუმქრალ კირს, მას ძირითადად იყენებდნენ თაღებისა და თაბაშირის დასამუშავებლად, სადაც დამუშავებადობა და გლუვი ზედაპირები აუცილებელი იყო“, — აღნიშნავს მასიკი.
ცხელი შერევის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ გამკვრივების შემდეგ, ბეტონში რჩება კირის ფრაგმენტები, სახელად კლასტები, რომლებიც შემდეგ მუდმივად ახდენდა ბზარებისა და მცირე სტრუქტურული ხარვეზების თვითაღდგენას.
ვრცლად პირველ არხზე