პოლონური მედია – პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა – იძებნება ბავშვის მამა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა

ჩვილი, რომელიც აპრილის დასაწყისში მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, გარდაიცვალა, საქმესთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს, ბავშვის მამა კი, რომელიც ქართველია, ძებნაშია, – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 5 თვის ჩვილი ქალაქ პოზნანში, პედიატრიულ ცენტრში 2 აპრილს დედამ, თამარ კ.-მ მიიყვანა. ბავშვი კაროლ იონშერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 8 აპრილს გარდაიცვალა.

პროკურორის ინფორმაციით, ახალგაზრდა პაციენტზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურა თავის ქალის მოტეხილობა და ქრონიკული ტვინის დაზიანებები. ექიმების თქმით, ეს დაზიანებები, შესაძლოა, ერთი დაცემის შედეგი არ იყოს და სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში მესამე მხარის ქმედებებისგან იყოს გამოწვეული.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებები, რომელიც ჩვილს აღენიშნება, სერიოზული ფიზიკური დაზიანებაა. ისინი, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო „ჩვილის ძლიერი რხევით, თავის მყარ საგნებზე დარტყმით ან იატაკზე დაცემით“.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბავშვის დედა, თამარ კ., მისი თანმხლები პირები – ალექსანდრე ს. და ვლადისლავ მ. – დააკავეს. სამივეს ბრალი ბავშვისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასა და დახმარების არ გაწევაში წაუყენეს.

ეჭვმიტანილია ბავშვის მამაც, ნაზგური კ. და მას პოლიცია ეძებს.

5 თვის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით, გაურკვეველი რჩება. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დამატებითი ტესტებისა და სრული სამედიცინო ჩანაწერების ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. გამოძიება გრძელდება. მძიმე დაზიანების მიყენება, რაც სიკვდილს იწვევს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთი წლიდან უვადო პატიმრობამდე.

პოლონური მედიის ცნობით, ბავშვის მშობლები საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი კი – მოლდოვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი