პოლონეთში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დააკავეს

ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაცეი ვონსიკი დააკავა.
პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.
პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონსიკი სასამართლოს მიერ 8 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. პოლიტიკოსები დაკავებით გაკვირვებული იყვნენ, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
ანდჟეი დუდას ოფისმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაკავებამ პოლონეთის სახელმწიფო ღირსება შეურაცხყო.
პოლიტიკოსების დაკავების შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან 300-მდე აქტივისტი შეიკრიბა.
2015 წელს ვარშავის სასამართლომ მარიუშ კამინსკისა და მაცეი ვონსიკს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ 2007 წლის ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბება ედებოდათ ბრალად.
2007 წელს კამინსკი პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთების ოპერაციებში დახმარებისთვის ქრთამს იხდიდნენ.
2015 წელს კამინსკი და ვონსიკი ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა 2023-ში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონსიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამავე პარტიის წევრია პრეზიდენტი დუდაც.

ასევე დაგაინტერესებთ