პოლონეთში უკრაინული იმპორტის წინააღმდეგ ფერმერები ქვეყნის მასშტაბით აქციებს მართავენ.
პოლონელი ფერმერები ამტკიცებენ, რომ ისინი არახელსაყრელ პოზიციაში არიან, რადგან მათზე ევროკავშირის სოფლის მეურნეობის რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ საქმიანობას უფრო ძვირადღირებულს ხდის, ამავდროულად, უკრაინიდან შემოდის პროდუქცია, რომელზეც ეს რეგულაციები არ ვრცელდება.
ტრაქტორებითა და სხვა დანადგარებით აქციები ქვეყნის მასშტაბით 150-მდე ადგილზე იმართება.
ფერმერები ითხოვენ უკრაინიდან აგრარული პროდუქციის უკონტროლო იმპორტის შეწყვეტას. კერძოდ, პროდუქციის, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამასთან ერთად, ფერმერები მოითხოვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში აგრარული სფეროს ინტეგრირების დეტალური სტრატეგიის შემუშავებას და ამას ასევე ემატება მოთხოვნა, რომ პოლონეთის მთავრობამ გადახედოს “საერთო ევროპულ აგრარულ პოლიტიკას”, რადგან მათი თქმით, ის მოიცავს ბევრ შეზღუდვას, რაც დაკავშირებულია “ევროპულ მწვანე შეთანხმებასთან”.
22 იანვარს პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი კიევს ეწვია და უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდა. ტუსკმა ვიზიტისას აღნიშნა, რომ მხარეები აგრარულ სექტორთან მიმართებით იპოვიდნენ ისეთ გამოსავალს, რაც ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნებოდა.
ასევე, უკრაინის პრეიმიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, კიევი დაპირდა პოლონეთს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას პოლონელი ფერმერების ინტერესები და გამოთქვა სურვილი, რომ პოლონეთიც, თავის მხრივ, მოხსნის შეზღუდვებს უკრაინელი ფერმერებისა და პროდუქციის წინააღმდეგ.