2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი შეუდგა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობების შესრულებას, ნახევარი წლის ვადით. პოლონეთმა ამ როლში უნგრეთი შეცვალა.
პოლონეთის ევროკავშირის საქმეების მინისტრი, ადამ შლაპკა აცხადებს, რომ ვარშავის თავმჯდომარეობის მთავარი პრინციპი იქნება “უსაფრთხოება, ევროპა”. პოლონეთი გეგმავს კონცენტრაციას უსაფრთხოების შვიდ ასპექტზე: საგარეო, საშინაო, საინფორმაციო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, საკვების წარმოებისა და ჯანდაცვის სფეროებზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ბოლო თვეებში აცხადებდა, რომ ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. “ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კავშირები აშშ-სთან, მაგრამ ევროპა უნდა გახდეს დამოუკიდებელი, უნდა დადგეს ფეხზე. შიშისა და რუსეთთან მიმართებით დაურწმუნებლობის ეპოქა უნდა დასრულდეს” – გერმანული მაუწყებლის, DW-ის თანახმად, ტუსკი ამ განცხადებით გამოვიდა ნოემბრის ბოლოს, სკანდინავიისა და ბალტიის სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრამდე.
პოლონეთის პრემიერი ასევე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შესაძლო მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ აშშ და რუსეთი, არამედ თავად უკრაინა და ევროკავშირიც.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან მიმართებით პოლონეთის მიდგომა განსხვავდება უნგრეთის დამოკიდებულებისგან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე წინასწარი პირობების დაწესების გარეშე და უკრაინას ფაქტობრივად უარს ეუბნება მხარდაჭერაზე.
პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდის დაწყების აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია 3 იანვარს, ვარშავაში გაიმართება.