პოლონეთმა სამი თვით შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა უკრაინისა და ბელარუსის საზღვრების გასწვრივ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრა.
დღეს, 11 სექტემბერს პოლონეთის მედიასაშუალებები აერონავიგაციის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიღებულია შეიარაღებული ძალების მიმართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
პოლონეთი-უკრაინის და პოლონეთი-ბელარუსის საზღვრების გასწვრივ სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების მიმოსვლა 9 დეკემბრის ჩათვლით შეიზღუდა.
აკრძალვა არ ეხება სამხედრო თვითმფრინავებს.
პოლონეთის მთავრობამ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას ათზე მეტმა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე და მათი ნაწილის ჩამოგდება გახდა საჭირო.
მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო.
პოლონეთის მიმართვის საფუძველზე ამოქმედდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა 10 სექტემბერს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა.
ფორუმი
