პოლონეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ლეხ კაჩინსკის დაღუპვის საქმის შეტანაზე ოფიციალური უარი თქვა.
“საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ შეიტანოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ლეხ კაჩინსკის დაღუპვასთან დაკავშირებით არსებული საჩივარი, რომელიც 2023 წლის 10 ოქტომბერს, იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ, ავიაკატასტროფის გამომძიებელი კომისიის თავმჯდომარემ ანტონ მარევიჩმა და ადვოკატმა ბენ ემერსონმა შეადგინეს”. – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე პოლონეთის ახალმა ხელისუფლებამ დაითხოვა კომისია, რომელიც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის დეტალებს იძიებდა.
ТУ-154 მოდელის თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, 2010 წლის 10 აპრილს, რუსეთის ტერიტორიაზე, სმოლენსკის მახლობლად ჩამოვარდა. 2011 წელს პოლონეთის შსს კომისიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი დაშვებულ მინიმალურ სიმაღლეზე ქვევით დაეშვა და ცუდი ხილვადობის პირობებში ხეს დაეჯახა. შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.
2015 წელს ხელისუფლების სათავეში დაღუპული პრეზიდენტის ძმის, იაროსლავ კაჩინსკის პარტია მოვიდა. შეიქმნა ახალი კომისია, რომელიც ავიაკატასტროფის სხვა ვერსიებზე მუშაობდა. კომისიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ თვითმფრინავის ვარდნა აფეთქებებმა გამოიწვია, რომლებიც გამოწვეული იყო “უკანონო ჩარევით”.