პოლონეთმა 2 იანვარს განაცხადა, რომ თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს იცავენ, ბაზაზე დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც შემცირდა უკრაინაზე რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებული საფრთხე.
მანამდე პოლონეთმა F-16 გამანადგურებლების ორი წყვილი და მოკავშირეთა ტანკერი აამოქმედა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის ფონზე.
„საფრთხის შემცირებული დონის გამო ჩვენს საჰაერო სივრცეში მორიგე პოლონეთისა და მოკავშირეთა თვითმფრინავების მოქმედებები დასრულდა. ისინი დაუბრუნდა ბაზებს და სტანდარტულ საოპერაციო მოქმედებებს“, – განაცხადა პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ სოცქსელ X-ზე, ყოფილ ტვიტერზე.
პოლონეთმა შაბათს შეწყვიტა თავის ტერიტორიაზე რუსეთის რაკეტის ნაწილების ძებნა. ვარშავამ მანამდე განაცხადა, რომ პარასკევს დილით რუსეთის რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ობიექტი პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ შენიშნა, თუმცა მოგვიანებით ის რადარებიდან გაქრა. ობიექტის დაცემა არ დაუფიქსირებიათ.
სამხედროები არ გამორიცხავდნენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო.
პოლონეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უკრაინის საზღვრიდან მფრინავი ობიექტის გამოჩენა დაემთხვა 29 იანვარს უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მასირებულ თავდასხმას. 29 დეკემბრის გამთენიისას დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე.