პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ვარშავამ ნატოელ მოკავშირეებს სთხოვა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებითა და უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის საშუალებებით დახმარება.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლონეთმა 10 სექტემბერს, თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრის შემდეგ პარტნიორებთან კონსულტაციები გამართა. თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, მოკავშირეები მხარდაჭერისთვის მზად არიან.
ნიდერლანდის მთავრობამ უკვე დაადასტურა, რომ წლის ბოლოსთვის პოლონეთს გადასცემს საჰაერო თავდაცვის ორ სისტემა Patriot-ს და დრონებთან ბრძოლის სისტემებს. ჩეხეთი პოლონეთს დაჰპირდა სამ ვერტმფრენს, რომლებიც დაეხმარებიან დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონებისგან დაცვაში.
Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს პოლონეთში Typhoon-ის ტიპის რამდენიმე გამანადგურებლის დაბრუნებას. ექვსი ასეთი გამანადგურებელი დაახლოებით ორი თვის წინ მონაწილეობდა პოლონეთის საჰაერო სივრცის პატრულირების ნატოს მისიაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის განცხადებით, განსაკუთრებით სჭირდებათ სისტემები Patriot-ი, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცეს რუსეთიდან მხოლოდ დრონების საფრთხე არ ემუქრება.
პოლონეთის მთავრობამ 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას დრონებმა დაარღვიეს პოლონეთის საჰაერო სივრცე და მათი ჩამოგდება გახდა საჭირო. მოსკოვში უარყვეს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები შეიჭრნენ, თუმცა ვარშავა დარწმუნებულია, რომ ეს რუსეთის მიზანმიმართული ქმედება იყო.
პოლონეთის მიმართვის საფუძველზე ამოქმედდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
უკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა 10 სექტემბერს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა.
