პოლონეთის ხელისუფლება უფრო მკაცრი რეაგირების პირობას დებს, თუკი განმეორდება ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ რუსეთის ფედერაციის საქმეების დროებით რწმუნებულ ორდაშთან შეხვედრის შემდეგ.
BBC-ისა და სხვა წყაროების მიერ გავრცელებული ვერსიით, რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში 40 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და იქ 3 წუთი დაჰყო; ხოლო შედეგ – დაბრუნდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ის უკრაინულმა ანტისაჰაერო სისტემამ გაანადგურა. არის ვარაუდი, რომ ეს იყო რუსული ფრთოსანი რაკეტა – Х-22 ან Х-101.
პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, 29 დეკემბერს, დროში დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვას. 29 დეკემბერს, გამთენიისას, დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ცნობები ათეულობით დაღუპულის შესახებ.
„გარწმუნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ, თუკი ეს განმეორდება. ვუთხარი დროებით რწმუნებულს, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრების გამოცდა“, – ბარტოშევსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები რუსეთის მიერ პოლონეთის თავდაცვის შესაძლებლობების გამოცდას ემსახურება. .პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგში, თუკი ფაქტი განმეორდება, რაკეტას აუცილებლად ჩამოაგდებენ.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2024 წელს პოლონეთის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს“, – აცხადებს პოლონური მედია, საგარეო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
აშშ-ის თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცნობას რუსეთის რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში დროებით შეჭრაზე.
29 დეკემბერს, საკითხზე იმსჯელეს თეთრი სახლის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა და პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, იაცეკ სევერმა. აშშ ნატოს წევრ პოლონეთს, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ დახმარებას ჰპირდება.