პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, სიკორსკი წინდაწინ მუქარას არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა, რასაც ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო
სიკორსკი უნგრეთს საყვედურობს, პუტინს რატომ მასპინძლობო, თითქოს არ იცოდეს, რომ უნგრეთში შეხვედრა ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, ისტორია იმ ამბავსაც ინახავს, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი წელიც არ იყო გასული და ევროპის ქვეყნების, მათ შორის პოლონეთის სამხედროები გმირულად მარშირებდნენ პუტინის წინ წითელ მოედანზე.
„პოლონეთი პუტინის თვითმფრინავის დასმას მართლა რომ აპირებდეს, ბატონი სიკორსკი წინდაწინ მუქარას ნამდვილად არ დაიწყებდა, აიღებდა და დასვამდა – რასაც, სხვათა შორის, პირდაპირ ავალდებულებს კანონი და ჰააგის სასამართლო! კიდევ უფრო გულის ამაჩუყებელი ის არის, სიკორსკი უნგრეთს რომ საყვედურობს, პუტინს რატომ მასპინძლობო?! თითქოს არ იცოდეს, რომ უნგრეთში შეხვედრა ჩვენი კოლმეურნეობის იმ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, მანამდე პუტინს წითელი ხალიჩით რომ დახვდა! თუმცა უნგრეთის დამუნათება შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს და პუტინს უფრო მეტად რომ შეეშინდეს, კარგი იქნება, ევროპარლამენტარებმა, რაფერც იციან ხოლმე, კიდევ ერთხელ მოითხოვონ საქართველოს დასანქცირება – რაც ნამდვილად კარგად გამოსდით! ისტორია იმ ამბავსაც ინახავს, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი წელიც არ იყო გასული და ევროპის ქვეყნების და, მათ შორის, პოლონეთის სამხედროები გმირულად მარშირებდნენ პუტინის წინ წითელ მოედანზე – სადაც, სხვათა შორის, მხოლოდ საქართველო არ იყო მიწვეული!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ არ გამორიცხა, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავს უნგრეთში გამგზავრების დროს იძულებით დაშვება მოსთხოვონ, თუ ის პოლონეთის საჰაერო სივრცეს გადაკვეთს.
სიკორსკის თქმით, მათ არ აქვთ გარანტია, რომ პოლონეთის დამოუკიდებელი სასამართლო არ დაავალდებულებს პოლონეთის ხელისუფლებას, დააკავოს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ვლადიმერ პუტინი იქნება.
