პოლონეთი, თავდაცვის საჭიროებებისთვის, შეერთებული შტატებისგან 4 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს

პოლონეთის ოფიციალური პირების განცხადებით, შეერთებული შტატები ვარშავას 4 მილიარდ დოლარს ასესხებს, რათა ხელი შეუწყოს მისი სამხედრო ძალების მოდერნიზებას და მოწინავე შეიარაღების შეძენის დაფინანსებას.
პოლონეთის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ზის ვერტმფრენის კაბინაში, -ის არმიიდან პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენების იჯარით გადაცემის ცერემონიის დროს. ინოვროცლავის 56-ე ავიაბაზა, (პოლონეთი). 2025 წლის 17 ივნისივაიტეკ რადვანსკის ფოტო / სააგენტო „ფრანს პრესი“
იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბრენტ ტ. კრისტენსენთან ერთად, შეთანხმებას ვარშავაში პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა მოაწერა ხელი.
„ჩვენ დავადასტურეთ პოლონურ-ამერიკული ალიანსის სიმტკიცე და მაგალითს ვაძლევთ ევროპას, თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცების თვალსაზრისით“, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
„მზად ვართ, ეს ფული პოლონეთის არმიის გარდაქმნისა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დავხარჯოთ“, – დასძინა მან.
პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, თანხები აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების (FMF) პროგრამის ფარგლებში გაიცემა, რომელიც სესხებსა და გარანტიებს მოკავშირე ქვეყნებს ამერიკული წარმოების თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად აძლევს.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, ეს თანხები პოლონეთს დაეხმარება, ააშენოს „ძლიერი არმია, რომელსაც გამოწვევებთან გამკლავება შეეძლება“.
ვარშავაში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ახალი შეთანხმების შემდეგ, FMF-ის ფარგლებში პოლონეთისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული დახმარების მთლიანი მოცულობა 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
„ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში“, – ნათქვამია საელჩოს მიერ X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„4-მილიარდიანი სესხი კიდევ უფრო გააუმჯობესებს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს და გააძლიერებს პოლონეთის, როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენის როლს“, – აცხადებს ამერიკის საელჩო, რომლის თქმითაც, შეთანხმება ხაზს უსვამს პარტნიორებისადმი აშშ-ის ერთგულებას და ასახავს პოლონეთის მზარდ როლს ნატო-ში და რეგიონულ თავდაცვაში.
„ბოლო წლებში პოლონეთმა მიიღო აშშ-ის სესხები და გარანტიები, რომლებიც გამოიყენა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიცაა „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები, „ჰაიმარსის“ სარაკეტო დანადგარები, „აბრამსის“ ტანკები და „ეფ-35“ ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები“, – იტყობინება პოლონეთის რადიოს კუთვნილი საინფორმაციო სააგენტო IAR-ი.
წყარო: IAR, PAP, 1tv.ge