პოლონეთი დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს ჩადებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად

პოლონეთის ხელისუფლება აპირებს 10 მილიარდი ზლოტი (დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი) ჩადოს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასაძლიერებლად.
ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა. მან თქვა, რომ სამუშაოები “ფარი-აღმოსავლეთი” პროექტის ჩარჩოებში უკვე დაწყებულია. ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვისაც – განსაკუთრებით ახლა, როცა ევროპის კონტინენტის აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, ხოლო და ბელარუსი ევროპული სამყაროსთვის საფრთხედ აღიქმება.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვრის გასწვრივ აშენდება დამატებითი საფორტიფიკაციო ნაგებობები და საინჟინრო სისტემები, რომელთა საშუალებითაც მოხდება მოწინააღმდეგის შესაძლო შემოჭრის თავიდან აცილება.
მას დეტალები არ დაუზუსტებია. თუმცა, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა, ОНТ -მ განაცხადა, რომ პოლონელი სამხედროები უკვე აწარმოებენ საზღვრების – პირველ რიგში, საზღვაო საზღვრების – გასამაგრებელ სამუშაოებს. მდინარეებსა და ტბებზე, რომლებზეც გადის საზღვარი პოლონეთსა და ბელარუსს შორის, ამონტაჟებენ დღისა და ღამის სამეთვალყურეო კამერებს და მოძრაობის ელექტრონულ სენსორებს.
პოლონეთი არა მხოლოდ სამხედრო საფრთხისგან იცავს თავს. 2021 წელს ქვეყნის მთავრობამ თითქმის 400 მილიონი დოლარი გამოყო 502-კილომეტრიანი ჯებირის მშენებლობისთვის ბელარუსის საზღვრის გასწვრივ მას შემდეგ, რაც ბელარუსიდან პოლონეთს და შემდეგ ევროკავშირს მოაწყდა მიგრანტების მრავალათასიანი ტალღა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. პოლონეთის ხელისუფლებამ ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა მიგრანტების განზრახ შემოყვანაში, ევროკავშირში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს