პოლონეთი გააგრძელებს ევროკავშირის წევრ მეზობლებთან სასაზღვრო კონტროლს

პოლონეთმა თავის მეზობლებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, გერმანიასა და ლიეტუვასთან საზღვარზე დროებითი კონტროლი გაახანგრძლივა, განაცხადა აგვისტოს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარცინ კიერვინსკიმ. ვარშავა არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ იბრძვის, რის ფონზეც მოხდა სასაზღვრო კონტროლის დროებით შემოღება.
„შესაბამისი რეგულაცია გამოიცა და პარასკევს გაეგზავნა ევროკომისიას შეტყობინებისთვის“, – განაცხადა კიერვინსკიმ
რეგიონის გუბერნატორებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, შემოწმებები, რომლებიც გასულ თვეში შემოიღეს მას შემდეგ, რაც გერმანიამ მსგავსი შემოწმებები დააწესა არალეგალური მიგრანტების შესაჩერებლად, 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კიერვინსკის თქმით, პოლონეთის რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე გაძლიერებულმა შემოწმებებმა და ბარიერებმა შეაჩერა არალეგალური მიგრანტების ტრანზიტი ამ ქვეყნების გავლით.
მან დასძინა, რომ ახლა „არსებითი“ მნიშვნელობა აქვს იმ მარშრუტის დაკეტვას, რომელსაც მიგრანტები იყენებენ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლატვიისა და ლიეტუვის, შემდეგ კი პოლონეთის გავლით გერმანიამდე მიმავალ გზაზე.
პოლონელი ოფიციალური პირების შეფასებით, ბელარუსიდან ბალტიის ქვეყნებში ყოველთვიურად ასობით მიგრანტი გადადის, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან.
შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში შემავალ ევროკავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ დააწესონ სასაზღვრო კონტროლი, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საფრთხე ემუქრება საზოგადოებრივ წესრიგს ან შიდა უსაფრთხოებას.
„ჩვენ ევროპელ პარტნიორებს ეს ესმით, რადგან… ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს მიგრაციის მარშრუტის დახურვას, რომელიც ახლა ხელახლა გამოჩნდა ლიეტუვისა და ლატვიის გავლით“, – თქვა კიერვინსკიმ.
სასაზღვრო დაცვის უფროსმა, რობერტ ბაგანმა, იმავე შეხვედრაზე განაცხადა, რომ სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა 7 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში გერმანიასა და ლიეტუვასთან საზღვრების გადაკვეთისას 493 000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს.

მისი თქმით, ამ პერიოდში მესაზღვრეებმა პოლონეთში შესვლაზე უარი უთხრეს 124 უცხოელს გერმანიასთან საზღვარზე და 61 ადამიანს – ლიეტუვასთან საზღვარზე.
მისი თქმით, იმავე პერიოდში ლიეტუვის სასაზღვრო ზონაში არალეგალური იმიგრაციისთვის დახმარების ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს.
ფორუმი