პოლონეთის 1,8 მილიონი მოქალაქე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა – პოლონეთის საელჩო გამოეხმაურა ხატს სტალინის გამოსახულებით

პოლონეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, განთავსებული ხატის გამო – წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახულია ასევე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.
საელჩომ გამოაქვეყნა მონაცემები სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი პოლონეთის მოქალაქეების შესახებ.
„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა.
მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება”, – აცხადებს პოლონეთის საელჩო საქართველოში.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიცაა გამოსახული, ფეისბუკში თავდაპირველად გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილი ვიდეოში, რომელიც ფეისბუკის პირად გვერდზე 7 იანვარს, საღამოს გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც არის გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობს ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამავე პარტიის ლიდერი .
9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს. 10 იანვარს დილით კი, თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
სამებაში ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე -მ სამართალწარმოება დაიწყო.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური “დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას – დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.