პოლონეთის სასაზღვრო სამსახური – პოლონეთმა უსაფრთხოების მიზნით საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა

პოლონეთმა უსაფრთხოების მიზნით საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვის 40 მოქალაქის დეპორტაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით განხორციელდა.
საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების დეპორტაცია 15 ივლისს, პოლონეთის ქალაქ რადომიდან თვითმფრინავით მოხდა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 20 და მოლდოვის 9 მოქალაქის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა.
ასევე, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი პოლონეთიდან დეპორტირებული ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ არის ნასამართლევი.
„ნაწილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას და პოლონეთში არალეგალურად ყოფნისთვის დააკავეს. ასევე, დეპორტირებულებს შორის არიან ისინი, რომლებმაც სხვა უცხოელებს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.