საქართველოში პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს ხვალ, თბილისის ცენტრში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
როგორც საელჩოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში წერია, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასობრივ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, საელჩო ურჩევს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და უსაფრთხოების მიზნით, თავი შეიკავონ დიდი შეკრებების ადგილზე ყოფნისგან, განსაკუთრებით თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
“დემონსტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხებები. საპროტესტო აქციებისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ განახლებული ინფორმაციისთვის, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ადგილობრივ მედიას”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ხვალ დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.
