პოლონეთის ელჩის თქმით, სტალინის მუზეუმის დახურვის შეთავაზების გამო, საქართველოს საგარეო უწყება მისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა

მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, კიდევ ერთხელ შეეხო გორში სტალინის მუზეუმის დახურვის თემას. მან ონლაინგამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც ელჩმა თქვა, საგარეო უწყება მისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა. დიპლომატმა გაიხსენა საბჭოთა დიქტატორის, სტალინის მმართველობის დროს პოლონეთში, კატინში, დახვრეტილი ადამიანები.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… – აღნიშნა ელჩმა და განაგრძო, – მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. გესმით, კატინში ასევე დაიღუპნენ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება.
ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა. ის რომ მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ… ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ეს უნდა მიიღო, როგორც დიაგნოზი დაავადების დროს“.
შეკითხვაზე, ამის გამო თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოგიძახეს? ელჩმა უპასუხა: „არა. დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ არაოფიციალური შენიშვნა იყო. მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი… ცხადია, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია სხვანაირად რეაგირება“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. პოლონეთის ელჩის განცხადების შესახებ მათგან კომენტარის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
2022 წლის მარტში მარიუშ მაშკევიჩმა საქართველოში ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა: „მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება. მესმის, რომ რთულ სიტუაციაში ხართ – პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ ს წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე ერთი სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“.
მაშინ ელჩის განცხადებას გამოეხმაურა გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
„პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია – ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერაფერში”, – განაცხადა რაზმაძემ.
1940 წლის აპრილ-მაისში სტალინის ბრძანებით დახვრიტეს 21 857 პოლონელი. ისინი 1939 წელს აღმოსავლეთ პოლონეთის ოკუპაციისას დაატყვევეს, ხოლო მათ ოჯახები გადაასახლებს ციმბირსა და ყაზახეთში.

ასევე დაგაინტერესებთ