პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე: უკრაინამ რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვება შეუძლია

„უკრაინის მიტოვება სისულელეა,“ – ტრამპის მიდგომებზეა განაწყენებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ პოლკოვნიკი ხაზს უსვამს ბზარს აშშ-ს და ევროპას შორის – ევროპა აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს.

პოლკოვნიკის დაკვირვებით, ახალ ეტაპზე გადადის ევროპისა და უკრაინის ურთიერთობა. ევროპაში დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს და იციან, რომ ა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც „რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვების მოპოვება შეუძლია“, – ამბობს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

„დღეს საკითხი აღარ დგას უკვე იმაზე, რომ აი, უკრაინას მხარს უჭერენ. ეს პირადი გადარჩენის საკითხია. ევროპისთვის უკრაინასთან შეკავშირება და მისი გაძლიერება უკვე ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, თქვენი დაკვირვებით, რა შანსი არსებობს უკრაინას და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის? ზელენსკი ამბობს, რომ მხარეებმა მუშაობა განაახლეს.

შანსი არსებობს, თუმცა მთავარია, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება. კონკრეტულად არავინ იცის ამ ხელშეკრულების პირობები. ღიადაა ბევრი საკითხი დატოვებული. მე შემიძლია გითხრათ ის, თუ რაზე შეიძლება შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა.

ცეცხლის შეწყვეტა პირობების გარეშე მიღწევადია, რადგან რეალურად ყველას აწყობს ეს, თუმცა თუ ცეცხლის შეწყვეტა იქნება მიბმული ტერიტორიების დათმობაზე, ეს მიუღწეველია. უკრაინელები რუსებს ტერიტორიას არ დაუთმობენ.

ჩემი აზრით, უკრაინას უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერავინ მისცემს. ეს არარეალისტურია. ცხადია, ყველას გვინდა უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რაც ნიშნავს დახმარებას ბოლომდე. ბოლომდე ახლა არ ეხმარებიან მიმდინარე ომში და სამომავლოდ რა იქნება, ვინ გეტყვის?! როცა რუსეთს ეომები, უსაფრთხოების გარანტიები არარეალურია. რეალურია, მაგალითად, სამხედრო ტექნიკის მიწოდება.

ვრცლად