„პოლიციური და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდებით, ფილარმონიასთან მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები მორიგი აქცია-მსვლელობისთვის ემზადებიან.
აქციის მონაწილეების თქმით, „ქვეყანა პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, სადაც სასამართლო არ არსებობს და ქვეყანას რეჟიმი მართავს“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი. ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები – „სასამართლო უსამართლობის სამსახურში“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ და ა.შ.
ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილს ადგილზე სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.
ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვენ, რომ „პირველმა არხმა“ საეთერო დრო განსხვავებულ აზრს დაუთმოს. საბოლოოდ კი, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან მივლენ.