დღეს, 14 მაისს, – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების 168-ე დღეს, – თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიცია არ აძლევდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საშუალებას, თუმცა მალევე, – დაახლოებით 21:30 საათისათვის, დემონსტრანტების რიცხვის ზრდის შემდეგ, გზა კვლავ გადაიკეტა.
მცირე ხნის განმავლობაში ტროტუართან პოლიციელებს – საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს – ორზოლიანი კორდონი ჰქონდათ აღმართული. დემონსტრანტები იუწყებოდნენ, რომ პოლიცია არ აძლევდათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, OC Media-ს რედაქტორი მარიამ ნიკურაძე იუწყებოდა, პოლიციის რიგებში გასცეს ბრძანება, ვინც არ დაემორჩილება მითითებას, დააკავონ.
საბოლოოდ გზა მაინც გადაიკეტა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ხუთ თვეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ:
· ადმინისტრაციული წესით დააკავეს ასობით ადამიანი;
· იძალადეს დემონსტრანტებზე აქციების დაშლისას, დარბევისას, დაკავებისას თუ განყოფილებაში გადაყვანისას;
· იძალადეს ჟურნალისტებზე და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში; დააპატიმრეს „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
· ამ დროის განმავლობაში, დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამოძიება პასუხისგებაში მიცემით არცერთ შემთხვევაში არ დასრულება;
· პარალელურად, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა: შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა და რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს გადაკეტილია რამდენიმე საათით.
ფორუმი
